ბლუმბერგის ახალი Bmatch სავალუტო პლატფორმა მონაწილეთა უფრო ფართო წრისათვის გახდება ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკის ამოცანაა ხელი შეუწყოს სავალუტო ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას დროული და საჭირო ღონისძიებების გატარებით. მათ შორისაა ახალი რეფორმა, რომლის მიზანიცაა სავალუტო ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, ბანკთაშორის ბაზარზე არასაბანკო მონაწილეებისათვის წვდომის გაადვილება, ლიკვიდობის ზრდა და უფრო მეტი გამჭვირვალობა. რეფორმა ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. რეფორმის პირველი კომპონენტი გლობალური სავალუტო კოდექსია, რომელიც 2017 წელს მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მონაწილეობით შეიქმნა. კოდექსის პრინციპების დაცვით სავალუტო ბაზარი 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. სავალუტო კოდექსით განსაზღვრული პირობების სავალდებულო შესრულებას აღიარებს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, 47 ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ასევე 1000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი და კომპანია. მათ შორისაა აშშ-ის, ინგლისის, ევროპის, იაპონიის, კანადისა და ავსტრალიის ცენტრალური ბანკები და წამყვანი საბანკო დაწესებულებები. ეროვნული ბანკის ინიციატივით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტებმა ქართული სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს და მათივე დახმარებით შემუშავდა ახალი რეგულაცია - სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი, რომელიც საერთაშორისო კოდექსის ძირითად მოთხოვნებს ეფუძნება, თუმცა ამავდროულად ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკასაც ითვალისწინებს. როგორც გლობალური კოდექსის, ისე სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის გაზრდა. ბაზრის მონაწილეებისათვის სამართლიანი, თანაბარი პირობების დადგენა და მათი კლიენტების ინტერესების უკეთ დაცვა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ბანკები ვალდებული იქნებიან გამჭვირვალე გახადონ და ვებგვერდზე გამოაქვეყნონ მომსახურების სრული ტარიფები და  სხვა პირობები. დაამუშაონ და აღასრულონ დავალებები კონფიდენციალობისა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვით. სავალუტო ბაზარზე მოქმედებების მაღალი სტანდარტების დასაცავად ბანკები უნდა უზრუნველყოფდნენ შესაბამის ორგანიზაციულ მოწყობასა და IT ინფრასტრუქტურას. ბუნებრივია, ახალი მიდგომების დანერგვას თან ახლავს შესაბამისი ინფრასტრუქტურული ცვლილებები. ამიტომ რეფორმის მეორე შემადგენელი კომპონენტია ბლუმბერგის ახალი სავაჭრო პლატფორმის - Bmatch ამოქმედება. Bmatch პლატფორმა 2016 წლიდან წარმატებით მუშაობს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში და უზრუნველყოფს შემხვედრი გარიგებების ავტომატურ დაწყვილებას (მეჩინგს) და აღსრულებას. გარიგების დადებამდე განაცხადის ავტორის ვინაობა ანონიმურია, რაც კონფიდენციალობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს. ამასთან, სისტემაში კონტრაგენტის რისკების მართვა მონაწილეების მიერ განსაზღვრული ლიმიტების საშუალებით, ხოლო დადებული გარიგებების აღსრულება ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად ხდება. Bmatch პლატფორმა საქართველოში მარტიდან ამოქმედდა და ტესტირების რეჟიმში წარმატებით ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე პლატფორმას უკვე იყენებს 15 ბანკი, 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 1 მსხვილი კომპანია და უცხოური საინვესტიციო ფონდი. მნიშვნელოვანია, რომ ახალი წესების ამოქმედებით პლატფორმა მონაწილეთა უფრო ფართო წრისათვის გახდება ხელმისაწვდომი. სისტემაში ვაჭრობა შეეძლებათ როგორც ბანკებს, ისე კომპანიებს. ამასთან, კომპანიებს ექნებათ არჩევანი, ან თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით ან განაცხადები ბანკის დახმარებით განათავსონ. შედეგად, ისინი აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ ბანკთან დადებით, არამედ ივაჭრებენ იმ ბანკებთან და/ან კომპანიებთან, ვინც მათ უკეთეს ფასს შესთავაზებს. ეს უზრუნველყოფს ბაზრის უფრო დიდ კონცენტრაციას, მეტ ლიკვიდობასა და ხელსაყრელ ფასს. სავალუტო ბაზრის წესი და ახალი პლატფორმა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მანამდე კი ბანკებს ექნებათ დრო შესაბამისი ინფრასტრუქტურის გასამართად, ხოლო კომპანიებს შეეძლებათ მომსახურებაზე ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე ბანკთან გააფორმონ.

წყარო: nbg.ge

დატოვე კომენტარი