მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი "საბიუჯეტო კოდექსში" შესულ იმ ცვლილებებს აფასებს, რომელიც თვითმმართველობების დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარე წელს ამოქმედდა. 

როგორც ჟორჟოლიანმა BM.GE-ს განუცხადა, ცენტრალური ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის გამოყოფის ნაცვლად, დამატებული ღირებულების გადასახადის 19პროცენტი-ის მუნიციპალიტეტებისთვის განაწილების შედეგად, წელს მესტიამ 3 მილიონ 466 ათას ლარი მიიღო, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასულ წელს მიღებულ სარგებელს დაახლოებით, 800 ათასი ლარით აღემატება. 

"დღგ-ის წილი არ იკლებს, ქვეყანა ვითარდება და შესაბამისად, მუნიციპალური დაფინანსებაც იზრდება და ეს დიდი ნაბიჯია იმისთვის, რომ თვითმმართველობები სწორად და კარგად განვითარდეს. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ჩვენივე პროგრამების შედგენას და მართვას. ეს ნაბიჯები დაწყებულია, შესაბამისად, გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავლები", - განაცხადა მესტიის მერმა. 

კითხვაზე - უფრო სამართლიანი იქნება თუ არა, მუნიციპალიტეტმა ის თანხა მიიღოს, რასაც საშემოსავლო გადასახადის სახით გენერირებს, კახა ჟორჟოლიანმა პასუხად აღნიშნა, რომ ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში განიხილება. 

"საშემოსავლო გადასახადს რაც შეეხება, ეს რეფორმა დასრულებული არ არის. საბოლოო ჯამში, იქამდე მივალთ, რომ შემოსავლების ნაწილი მიუნიციპალიტეტში რჩებოდეს. სამწუხაროდ, დღეს მუნიციპალიტეტები ისე განვითარებულები არ ვართ, რომ ეს ტვირთი ვატაროთ. არის დადებითი ძვრები. მაგალითად, ჩვენთან 3 მილიონ 400 ათასი ლარი იყო მთლიანი ბიუჯეტი, ტრანსფერის ჩათვლით. დღეს, 4 წლის შემდეგ, უკვე 8.5 მლნ ლარამდე ავედით. მატება იგრძნობა და შესაბამისად, ეს მატება მოსახლეობასა და მათი პრობლემების მოგვარებაზე გადადის. აქაც უნდა შევეჩვიოთ მეტი საქმის კეთებას. ამიტომ ფულის მართვაზეც უნდა გადავიდეთ და ამ რესურსების მობილიზება და ხარჯვა სწორად შევძლოთ", - განაცხადა მესტიის მერმა. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობის და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით ხორციელდება. 
ავტორი: დათო ჯალაღონია

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი