მსოფლიო ბანკის დახმარებით ბაკურიანის სატრანსპორტო კვლევაზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც კურორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. 

„ახალი წლის პიკურ დღეებში ყველაზე კარგად ჩანს ის პრობლემები, რომელიც ამ კურორტს აქვს. პირველ რიგში, საჭიროა განაშენიანების პოტენციალის სწორი შეფასება. მაშინ როდესაც პატარა დაბაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გაყვანილ ვიწრო ქუჩაზე ვცდილობთ, რომ 20 ათას ადამიანზე მეტი ერთდროულად გავატაროთ, რა თქმა უნდა, მივიღებთ იმ ვითარებას, რა რეალობაც გვაქვს. როცა კვლევა მზად იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას დავინახოთ რა არის გასაკეთებელი მუნიციპალური ტრანსპორტის თვალსაზრისით,  რადგანაც ბაკურიანი აღარ არის დაბა, ის უნდა იმართებოდეს, როგორც საერთაშორისო დონის კურორტი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

მინისტრის თქმით, სატრანსპორტო კვლევა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დადგინდეს - თუ რა ზომის და რამდენი ავტობუსი იმოძრავებს კურორტზე, როგორი იქნება მოქმედების არეალი, მარშრუტები და რა ზონები შეიზღუდება კერძო ტრანსპორტისთვის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ სატრანსპორტო სფეროში მსგავსი გეგმები არსებობს გუდაურშიც. რაც შეეხება ბაკურიანს, 2023 წელს “free style”-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება, რისთვისაც საერთაშორის სტანდარტებისა და მაღალი დონის მოთხოვნების დაკმაყოფილება იქნება აუცილებელი. 

„ბევრი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი გვაქვს ბაკურიანში, წელს დავიწყეთ ცენტრალური პარკისა და მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, შემოვლითი გზის მშენებლობა, დიდველზე პარკინგის გაფართოება, საკანალიზაციო ქსელის პროექტირება, ასევე მუშაობა მიმდინარეობს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელ გზაზე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი