სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი სახელმწიფო კომპანიები დარგის განვითარებას ხელს უშლიან. დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო კერძო კომპანიებთან კონკურენციაში არ უნდა შევიდეს.

ამავდროულად, მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის ჩარევა სოფლის მეურნეობაში აუცილებელია, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს “სწორი კუთხით.”

“ჩვენ ვართ უფრო ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური გუნდი. ვფიქრობთ, რომ გარკვეული სახელმწიფო ჩარევა სოფლის მეურნეობაში არის მნიშვნელოვანი, ეს უნდა იყოს სწორი კუთხით, რათა თუ საბაზრო ჩავარდნა იქნება, ის გამოსწორდეს. ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს კერძო სექტორის დახმარების მიზნით და არა კერძო სექტორთან კონკურენციის ჭრილში. მახოსვს, რომ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკა სწორედ კონკურენციაში შესვლა იყო. სახელმწიფო საწარმოები იქმნებოდა და პასუხი დარგში არსებულ გამოწვევებზე იყო მთავრობის მხრიდან კომპანიების დაფუძნება. ეს საწარმოები რა თქმა უნდა ეფექტურები არ არის და შემდგომში ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ არაეფექტური და წარუმატებელი საწარმოები, მათ შორის კომპანია მექანიზატორი და ბევრი სხვა, რომლებიც აგრარული სფეროს განვითარების პოლიტიკას ვერ პასუხობენ და მას პირიქით ხელს უშლიდნენ,”- ამბობს ლევან დავითაშვილი.

2019 წლისთვის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 339 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ამ თანხიდან 49 მილიონი ლარი სახელმწიფოს მხრიდან ამ დარგში მოღვაწე კომპანიების მიერ აღებული კრეიდტების თანადაფინანსებას ხმარდება, რასაც “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამა ფარავს. ხეხილის ბაღების განაშენიანების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა “დანერგე მომავალზე” 13 მილიონი დაიხარჯება. სამელიორაციო სისტემის განვითარებაზე 76 მილიონი, “ერთიან აგროპროექტზე” კი 96 მილიონი ლარი.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი