ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება-ამის შესახებ Bm.ge-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს. 

მათი თქმით, ქართულმა კომპანიამ ბრენდის „H&M” მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო და დღეიდან ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

„კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო“-აცხადებენ სააგენტიში.

შეგახსენებთ: შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარს შეადგენს.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი