საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი დაადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის. 

შესაბამისად, პირი, რომელსაც საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის განხორციელება სურს, ვალდებულია 2018 წლის 1 სექტემბრიდან რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს დადგენილი მოთხოვნები. 

შედეგად, საკრედიტო ბიუროების ზედამხედველი ეროვნული ბანკი ხდება. ახალი წესის მიხედვით, ბიუროს განაღდებული საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3,000,000 ლარს. 

ბიუროსათვის ნებადართულია მხოლოდ შემდეგი საქმიანობის სახეობები: 

ა) პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ინფორმაციის ან/და სხვა რელევანტური მონაცემის შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და სხვაგვარად დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; 

ბ) სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის რეალიზაცია, რომელიც აუცილებელია საკრედიტო საინფორმაციო სისტემის მონაწილეთა (სესხის გამცემი ორგანიზაცია და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი) საქმიანობის ავტომატიზაციისათვის; 

გ) მონაცემთა სუბიექტების გადამხდელუნარიანობის შეფასება (მათ შორის, სტატისტიკური, ქცევითი და სხვა შეფასების მოდელების შემუშავება); 

დ) ანალიტიკური, საგანმანათლებლო საქმიანობა და კონსულტაციების გაწევა შესაბამის სფეროში. აღნიშნულის მიზნებისთვის ბიურომ წინასწარ უნდა შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს მესამე მხარისთვის შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი/სერვისი (მათ შორის, ბიუროში დაცული მონაცემების ნებისმიერი სახით დამუშავება); 

ე) ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით განხორციელებული სხვა რელევანტური საქმიანობა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი