„ტვირთი დამსაქმებლებისთვის“, - ასე შეაფასა დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ცხაკაიამ გადაცემაში „პირისპირ“ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი. 

„პასუხისმგებლიანი დამსაქმებლისთვის ეს იქნება 2 პროცენტი, თუმცა კანონში არის იმისი რისკიც, რომ მთლიანად დასაქმებულის გადასახდელი იყოს თანხა. ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორს შვატყობინოთ ახალი რეგულაციის შესახებ, რომელიც უკვე მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება. ბიზნესმა უნდა გადააწყოს ბიუჯეტი ამ ახალი რეგულაციის მიხედვით. ჩვენ ასევე ვაპირებთ ვიმუშაოთ მთავრობასთან, გადაწყვეტილებების მიმღებებთან იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელც უკვე მიღებულ კანონში არსებობს და რომელსაც თავად კანონმდებელიც მალე დაინახავს რა შეფერხებებს გამოიწვევს და ამ კანონს აუცილებლად დასჭირდება ცვლილება და ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ“, - განაცხადა ცხაკაიამ.

დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო. კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელია ნაწილია. კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

კანონი განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით. კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი