კაპიტალის ბაზრის რეფორმის და ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანიების მარეგულირებელი ორი ახალი წესი - "საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი" და "მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესი" შეიმუშავა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დოკუმენტის შესაბამისად, საბროკერო კომპანიებს დაუწესდათ სხვადასხვა სახის შეზღუდვები და, ამავე დროს, დაეკისრათ საოპერაციო და ბიზნეს პროცესების თანმიმდევრული შესრულების ვალდებულება. აიკრძალა საცალო კლიენტებისთვის ბინარული ოფციონების შეთავაზება და მიყიდვა, ასევე, შეიზღუდა საკრედიტო მხარე CFD-ებით ვაჭრობისას. რისკიანი პროდუქტებით კლიენტებთან პოზიციონირებისას აუცილებელი გახდა გარკვეული სტანდარტების დაცვა, კერძოდ: კლიენტთან ურთიერთობისას და პროდუქტის რეკლამირებისას სავალდებულო გახდა პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების გამჟღავნება, დაწესდა ხელშეკრულების პირობების მინიმალური სტანდარტი, საცალო კლიენტებისთვის აიკრძალა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ფულადი ან არაფულადი წახალისებების (ბონუსი და მსგავსი შინაარსის პროდუქტები) შეთავაზება.

კომპანიებს, რომლებიც წარმოადგენენ მხარეს ფორექს პლატფორმაზე ვაჭრობისას და თავად ევაჭრებიან კლიენტებს, განესაზღვრათ დამატებითი მოთხოვნები ლიკვიდურობის თვალსაზრისით და დაუწესდათ შესაბამისი ლიმიტები.

ახალი წესების დამტკიცებას წინ უძღოდა კონსულტაციები საერთაშორისო ექსპერტებთან და საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებთან. 

წესების შესრულება სავალდებულოა ყველა ლიცენზირებული საბროკერო კომპანიისთვის, თუმცა გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეებიდან გამომდინარე, მოქმედ საბროკერო კომპანიებს განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რომლის ფარგლებშიც დაევალათ საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი