საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას სავაჭრო სესიების დროს 2 გარიგება დაიდო, რომლებშიც სს ,,ლიბერთი ბანკმა’’ და სს ,,საქართველოს ბანკმა’’ მიიღეს მონაწილეობა. სულ გასხვისდა 26085 აქცია, ჯამური ღირებულებით 3464 ლარი.

რაც შეეხება არასაბირჟო გარიგებებს, დაფიქსირდა 1 გარიგება. სს ,,გრაალი-92’’ -მა 191592 ლარის ღირებულების 26000-ზე მეტი აქცია გაასხვისა, თითო 7 ლარად და 30 თეთრად.

შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანიამ’’ 6 ივლისს 3 წლიანი 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 5000 ობლიგაცია განათავსა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდები B კატეგორიის ლისტინგში განთავსდა, განთავსების აგენტი კი სს ,,გალთ ენდ თაგარტი' იყო. ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6,5%-ით, წელიწადში ორჯერ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადა კი 2021 წლის 22 ივნისი იქნება.

20 ივლისს სს ,,აქატი’’ და სს ,,მაღლივმშენი’’ ჩაატარებენ აქციონერთა საერთო კრებას, სადაც განიხილავენ მიმდინარე საკითხებს.

საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი (GSX) 1 ივლისის შემდეგ 40 პუნქტით გაიზარდა და ამჯერად 172 პუნქტს შეადგენს.

ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაციის მონაცემები, რომელიც თვეში ერთხელ ქვეყნდება, არ შეცვლილა და კვლავ 2 მილიარდ 440 მილიონია.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი