ექსპერტები მამუკა ბახტაძის ჭარბვალიანობასთან ბრძოლის მეთოდს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვალდებულია საზოგადოებას აუხსნას, თუ რას მიიღებს ის სანაცვლოდ. 

როგორც ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, ბახტაძის ბრძოლის მეთოდი აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას და კონკრეტული ადამიანების შემოსავლებზეც უარყოფითად აისახება, - ამის შესახებ ცომაიამ "საქმის კურსის" ეთერში ისაუბრა. 

"ფასი იმისა, რასაც მოსახლეობა გადაიხდის ამ რეგულაციების გამო, არის შემცირებული საბანკო კრედიტების რაოდენობა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას და კონკრეტული ადამიანების შემოსავლებზე აისახება, ეს ცალსახაა. ამიტომ, როდესაც მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ არ იღებს კრიტიკას და ამბობს, რომ ეს სისტემური პრობლემაა, მან აუცილებლად უნდა ისაუბრობს იმაზე, თუ რის ფასად ხორციელდება ეს და სანაცვლოდ რას ვთმობთ, რა ალტერნატივასთან გვაქვს საქმე" - განაცხადა ცომაიამ. 

იგივეს აცხადებს ფინანსისტი ირაკლი ერაძე და ამბობს, რომ ჭარბვალიანობასთან იმ მეთოდებით ბრძოლა, რაც მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის დროს გაჟღერდა, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს და გაართულებს ფულზე ხელმისაწვდომობას. 

"ამ მიმართულებით ძალიან მომწონს, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების რეფორმა, რაც სამთავრობო პროგრამაშია. აი ეს უფრო ხელს შეუწყობს ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრას ქვეყანაში. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის "გაფუჭებული" სესხები აქვს და დამატებით ფინანსებს ვეღარ იღებს საკრედიტო ინსტიტუტებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაადვილება გააჩენს მეტ შესაძლებლობას, რომ ეს ხალხი ჩართული იყოს მთლიან ეკონომიკურ პროცესში" - განაცხადა ირაკლი ერაძემ. 

მისივე აზრით ყველაზე დადებითი, რაც სამთავრობო პროგრამით გაჟღრდა იყო, ის რომ კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობის მოტივით სახელმწიფო ნელ-ნელა გამოვა იმ დარგებიდან, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად განაგრძონ ოპერირება და მოგებიანები იყვნენ. 

"ამას თუ მოახერხებს ახალი სამთავრობო გუნდი, ეს იქნება ძალიან კარგი ზოგადად ეკონომიკისთვის, მაგრამ არ უნდა გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რასაც წინა მთავრობა ახორციელებდა, ანუ ერთმანეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ხდებოდეს" - განაცხადა მან.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი