ჩვენ მოგვწონს ყველაფერი ის, რაც ბაზარზე ზრდის კონკურენტუნარიანობის ხარისხს და რაც ზრდის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის ახალ რეგულაციებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ რეგულაციები მნიშვნელოვნად შეამცირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას.

„ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ონლაინ სესხები გაქრა, შეიძლება შემცირების ტენდენცია იყოს, მაგრამ ნამდვილად არ გამქრალან ბაზრიდან.

ასევე, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ რეგულაცია მიკროსაფინასო ორგანიზაციების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ვფიქრობ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში არის აუცილებელი. ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ხიდს მცირე ბიზნესის დაფინანსებისთვის, მაგრამ რაც შეეხება თამაშის წესებს, ის უნდა იყოს საერთო.

სამწუხაროდ, ფინანსურ სექტორში გვქონდა ასიმეტრიული რეგულაცია, საბანკო სექტორს ჰქონდა განსხვავებული რეგულაცია, არასაბანკო სექტორს - სხვა, ონლაინ სესხების კომპანიებს - სხვა, განსხვავებული რეჟიმი, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ხელი ჭარბვალიანობის პრობლემის წარმოქმნას.

ვინც არის კონკურენტუნარიანი, ვისაც შეუძლია ბაზარს მიაწოდოს კონკურენტუნარიანი ფინანსური პროდუქტი, გარწმუნებთ, რომ ყველა ეს ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი ბაზარზე, ხოლო ვინც დაკავებულია სპეკულაციური საქმიანობით, რა თქმა უნდა მას მუშაობის სპექტრი შეეზღუდება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი