საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, აუცილებლად დასაწესებელია ჭერი ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე – ამის შესახებ მან Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

„მინდა განვმარტო, თუ რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ხშირად იყო შემთხვევები და უნდა ვაღიაროთ, ამას ჰქონდა მასიური ხასიათი, რომ ადამიანებს, როდესაც ისინი იღებდნენ სესხს, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს, თუმცა შემდეგ არსებობდა ისეთი ტიპის ხარჯები როგორიცაა: სხვადასხვა საკომისიოები, ჯარიმები, საურავები, რომელიც ამ პროცენტს აორმაგებდა, ასამმაგებდა და ხშირად აოთხმაგებდა კიდეც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ჩვენ გადავიდეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტი სამართლებრივი პრიორიტეტის მიცემაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ახალი, სამართლიანი წესების დანერგვას. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, მაქსიმუმ, რა ხარჯი შეიძლება ჰქონდეს პროცენტულ გამოხატულებაში. დიახ, აუცილებლად უნდა დაწესდეს ჭერი და აუცილებლად უნდა შემცირდეს ის 100%-იანი ზღვარი, რომელიც ამოქმედებულია მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან.

მინდა შეგახსენოთ, რომ 1-ელ იანვრამდე საერთოდ არ იყო ეს რეგულაცია და ხშირ შემთხვევაში, 300-400 პროცენტზე ადიოდა ის საპროცენტო ხარჯი, რასაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ. ვფიქრობ, და ესაა სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე გავანახევროთ ეს ჭერი და შემდეგ უკვე საბაზრო კონიუნქტურა გვიკარნახებს თუ რა დამატებითი ღონისძიებების გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მეორე ნაბიჯი იქნება ჭერის დაწესება არა მხოლოდ მთლიან ეფექტურ განაკვეთზე, არამედ ჭერის დაწესება ე.წ. განკარგვად შემოსავალზე. „საუბარია იმაზე, რომ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბანკებს ვალდებულება ჰქონდეთ, ისეთი ტიპის სესხები გასცენ, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობის ჩარჩოებში ჯდება. ეს ნიშნავს, რომ სესხები იმ ოდენობით გაიცეს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვება. ჩვენს მოქალაქეებს თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 70-80% კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ, ეს მიუღებელია”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი