ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი ტერმინალის დამატება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე. ახალი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, თბილისის აეროპორტი წელიწადში 4 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ 7 მილიონზე მეტ ტურისტს ველოდებით წლის განმავლობაში და ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, როგორც თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა შარშან წლის დასაწყისში დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები საკმაოდ მოკლე პერიოდში დასრულდა.

„მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პერსონალურად ქეთი ალექსიძეს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს, რომელიც თავიდანვე ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში. აგრეთვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო TAV GEORGIA-ს ხელმძღვანელობას, რომლებიც ასევე იყვნენ მონაწილეობდნენ ამ სამუშაოებში”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ტერმინალის მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ახალი ობიექტის ფართობია 12 000 კვ2. ტერმინალის მშენებლობაზე „ტავ ჯორჯიამ” 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი